საზოგადოებრივი
104.5 FM
ია დანელია
პროდიუსერი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მთელი საქართველო ფეხდაფეხ მოვიარე შემოქმედებით ჯგუფთან, რომელთან ერთადაც ვაკეთებდი გადაცემას: "ეს საქართველოა". შევისწავლე საქართველოს ყველა კუთხეში არსებული მუზეუმი, იქ არსებული უნიკალური კოლექციები, რომლებიც დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მუზეუმს. ქართულ განძზე, ასე თუ ისე, საქართველოს ყველა მოქალაქეს სმენია, თუმცა არასოდეს ყოფილან მუზეუმებში, მით უმეტეს, მათ საცავებში, რომელთა კარიც მხოლოდ ერთეული მეცნიერებისთვის იღება. ჩვენი პროექტი საშუალებას მისცემს მაყურებელს, შეიხედოს საქართველოს ყველა მუზეუმში, მათ დახურულ საცავებში, შეიტყოს მეტი ჩვენი მატერიალური და სულიერი საუნჯის შესახებ.

"დღე მუზეუმში" ჩემი ბოლო პროექტია. საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა ჯერ კიდევ 17 წლისამ დავიწყე, მაშინ, როცა მას საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტი ეწოდებოდა. რადიოგადაცემა "პიკის საათი" ჩემი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისი იყო. ვიყავი წამყვანი და ავტორი სატელევიზიო პროგრამისა "ალიონი". მოგვიანებით ავტორი და წამყვანი გადაცემათა ციკლისა - "ჩვენ", "ჩინიანნი, უჩინონი და...", "საღამო მშვიდობისა". აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს ვიყავი სამხედრო კორესპონდენტი და ავტორი დოკუმენტური ფილმებისა: "ჯარისკაცი", "ჩვენიანები", "გმირი". მოგვიანებით ქართულ პრესაში გადავინაცვლე. პოლიტიკის გვერდის რედაქტორი ვიყავი გაზეთებში: "ალია", "რეზონანსი", "ახალი ქართული გაზეთი". ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე რთულ პოლიტიკურ პერიოდში ვიყავი გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი. 

პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოში მრჩევლად. საზოგადოებრივ მაუწყებელში 2008 წელს დავბრუნდი. ვუძღვები საავტორო რადიოგადაცემას: "თქვენი უფლებები", ვარ პროდიუსერი გადაცემისა "დღე მუზეუმში". საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვკითხულობ მედიასამართლის კურსს. მყავს მეუღლე და ხუთი შვილი.